საპატრიარქო - ვთხოვთ ყველას, ვისაც ხელეწიფება სიტუაციის განმუხტვა, დროულად გაათავისუფლონ ვაჟა გაფრინდაშვილი
ვთხოვთ ყველას, ვისაც ხელეწიფება სიტუაციის განმუხტვა, დროულად გაათავისუფლონ ვაჟა გაფრინდაშვილი, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საპატრიარქო ცხინვალის იზოლატორში ექიმის დატყვევების გამო წუხილს გამოთქვამს.
„დიდად ვწუხვართ ცნობილი ექიმის, ტრავმატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დატყვევების გამო. ამ პიროვნებას ყველა იცნობს, როგორც ფრიად გამოცდილ ქირურგს, რომელმაც მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მათ შორის ცხინვალის რეგიონში.
ვფიქრობთ, თავისუფლების აღკვეთაში ყოფნა პირველ რიგში მისი დამკავებლებისთვის არის პრობლემური.
ბატონ ვაჟას გათავისუფლებისთვის ქართველი მედიკოსები, უბრალო მოსახლეობა, ხელისუფლება, საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ მხარდაჭერას. ჩვენც ვუერთდებით მათ და ვთხოვთ ყველას, ვისაც ხელეწიფება სიტუაციის განმუხტვა, დროულად გაათავისუფლონ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.