მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭო - ვაფრთხილებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისაგან
მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭო - ვაფრთხილებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისაგან

ვაფრთხილებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისაგან, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე არაერთი პრეცედენტი შეიქმნა იმისა, როდესაც საჯარო სივრცეში სასულიერო პირები თვითნებურ მკვეთრ შეფასებებს აკეთებენ ამა თუ იმ თემასთან მიმართებაში.

„ამჯერად, მცხეთა–თბილისის ეპარქიაში დაფიქსირებულ ზოგიერთ არასწორ ქმედებაზე შევჩერდებით:

ა) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს და 5 ნოემბერს დეკანოზმა დავით ისაკაძემ და მისმა მხარდამჭერმა სასულიერო პირებმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მიმართ კადნიერი კრიტიკის შემცველი ვიდეო მიმართვები გაავრცელეს, რომლის შინაარსი მმართველ მღვდელმთავართან (სრულიად კათოლიკოს–პატრიარქთან) შეთანხმებული არ იყო.

ასევე

ბ) ა.წ. 13 ნოემბერს დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ინტერვიუში ადგილი ქონდა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას (გიგიბერია) პოზიციის  მიმართ კრიტიკას; ამის მიზეზი გახდა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაციის, „ბიბლიური თავისუფლების“ გარდაცვლილი წევრისთვის წესის აგებისგან თავის შეკავება (საერთო გადაწყვეტილების მიღებამდე), რაც გამოწვეულია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელ რელიგიურ გაერთიანებასთან გარდაცვლილის კავშირთან.

ვაფრთხილებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისაგან. პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში კი, უნდა მომართონ საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა–თბილისის ეპარქიალურ მუდმივმოქმედ კომისიას“, – აცხადებენ მცხეთა-თბილისის ეპარქიალურ საბჭოში.

მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭო ილია მეორის ბრძანებით შეიქმნა.