საპატრიარქო სერბეთის პატრიარქისგან ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრის გამო განმარტებებს ელოდება
საქართველოს საპატრიარქო სერბეთის პატრიარქისგან სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრის გამო განმარტებებს ელოდება.
თბილისიდან სერბეთის საპატრიარქოში შესაბამისი წერილი გასულ კვირას გაიგზავნა.
პირველ არხს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების წარმომადგენელმა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა, რომ წერილი სერბეთის საპატრიარქოს ანალოგიურმა განყოფილებამ მიიღო, თუმცა პასუხი ჯერ არ არის.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ წერილი გამოხატავს უკმაყოფილებას სერბეთის საპატრიარქო რეზიდენციაში პატრიარქ ირინეოსის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მასპინძლობასთან დაკავშირებით.
სერბეთის პატრიარქი ანატოლი ბიბილოვს 12 იანვარს შეხვდა. ინფორმაცია შეხვედრის ამსახველ ფოტომასალასთან ერთად დეფაქტო რეჟიმმა გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, მხარეებმა საერთო ქრისტიანულ საკითხებზე იმსჯელეს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გაუკეთებია. ბოსნიის საგარეო უწყებამ კი განაცხადა, რომ არაღიარებული სამხრეთ ოსეთიდან ვიზიტი ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკისთვის ზიანის მომტანია. განცხადებაში, რომელიც “ამერიკის ხმამ” გაავრცელა ასევე ნათქვამი იყო, რომ ამ ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური სახელმწიფო უწყებები ინფორმირებულნი არ ყოფილან.