საპატრიარქო ილია მეორესთან ნიკა გვარამიას შეხვედრის შესახებ განმარტებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან ნიკა გვარამიას შეხვედრის შესახებ განმარტებას ავრცელებს.
როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, გვარამიას მისვლის მიზანი იყო, მისი უწმინდესობისათვის ეთქვა, რომ სურდა, საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ ეთხოვა, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს.
„ა.წ. 15 მარტს, ხუთშაბათს, შედგა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ბ-ნ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.
სამწუხაროდ, იმ დღესვე გავრცელდა და „შაბათის კურიერის“ „პრომოშიც“ გამეორდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა მოხდა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით, რაც არასწორია.
ბ-ნმა ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გაწია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). ამას ადასტურებს მეუფე ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ბ-ნი ნ. გვარამიას მოსვლის მიზანი იყო, ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს.
კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი (ანუ ნ.გვარამიას) ნებაა, რას მოიმოქმედებს.
P.S. თუ არა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გაჟღერებული არასწორი ინფორმაცია, ეს განმარტება არ გაკეთდებოდა“, – აცხადებენ საპატრიარქოში.