საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას დღეს წარუდგენს
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას დღეს წარუდგენს, რომელსაც თავის მხრივ, პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან შვიდი დღის ვადაში წარუდგენს.
მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს, მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. ამასთან, კონსტიტუციით, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს სამთავრობო პროგრამაც.
რაც შეეხება დამტკიცების პროცედურას, პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები დარგების მიხედვით სამთავრობო პროგრამას საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში წარადგენენ, რის შემდეგაც ისინი ნდობის მისაღებად პლენარულ სხდომაზე წარდგებიან.
პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგენს, თუმცა კითხვების შესაბამისად, პოლიტიკურ დებატებში ჩართვის უფლება მინისტრობის კანდიდატებსაც აქვთ. მთავრობას პარლამენტის ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 13 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობამ კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა.