საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე მმართველი გუნდის ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს
საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით კენჭისყრაზე საპარლამენტო უმრავლესობის მეირ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
ეს გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, აზრთა სხვადასხვაობა გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს და გადაწყვეტილებაში გუნდი ერთსულოვანი იქნება.
„ჩვენ ამ კანონპროექტს აუცილებლად მივიღებთ, ვინაიდან მასში ყველა ის პრინციპი, რა მოთხოვნებიც ჰქონდა საზოგადოებას, როგორც მონაწილეობასთან, ისე სიის ფორმირებასთან, შემდგომში პარლამნეტში განხილვასა და კენჭისყრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებულია“, – განმარტა არჩილ თალაკვაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
კანონპროექტი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე განაცხადის შეტანა შეეძლება ყველა კვალიფიციურ იურისტს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს. მას შემდეგ კი, რაც საბჭო შერჩეული კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები მათ ინდივიდუალურ რეჟიმში გაესაუბრებიან.