იურიდიულმა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულმა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვა დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომიტეტზე რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა.

კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარი შვიდმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ორი წავიდა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე განაცხადის შეტანა შეეძლება ყველა კვალიფიციურ იურისტს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს. მას შემდეგ კი, რაც საბჭო შერჩეული კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები მათ ინდივიდუალურ რეჟიმში გაესაუბრებიან.