საპარლამენტო ჯგუფი „მოქალაქეები“ - ჩვენი ძალისხმევის შედეგად, დღეიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მნიშვნელოვნად მცირდება, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მუშაობა
საპარლამენტო ჯგუფი „მოქალაქეები“ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მოქალაქეების“ ძალისხმევის შედეგად, დღეიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მნიშვნელოვნად მცირდება.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და სიღრმისეული მუშაობა.
„საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ძალისხმევის შედეგად, დღეიდან, 3 იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მნიშვნელოვნად მცირდება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობები შეიცვალა. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი განისაზღვრება ფიქსირებული 26%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკი“ ვეღარ შეძლებს კაბალურ 43%-სა და 36%-ში სესხის გაცემას. საპენსიო სესხის პროცენტის მაქსიმალური განაკვეთი 25.8% იქნება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და სიღრმისეული მუშაობა, აგრეთვე მსჯელობა მიზნობრივ, შემხებლობაში მყოფ ჯგუფებთან. იმის მიზეზებზე სამსჯელოდ, რატომ იხდიდა ყველაზე დაუცველი ფენა, პენსიონერები ყველაზე მაღალ პროცენტს და რა გამოსავლის პოვნა იყო შესაძლებელი, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ინიციატივით შედგა არაერთი შეხვედრა. მათ შორის გაიმართა განხილვა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით.
საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირების მიზნით, პარლამენტში შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის წევრების, ლევან იოსელიანის, ალექსანდრე ელისაშვილისა და ირაკლი ზარქუას შემადგენლობით. პარტია „მოქალაქეების“ მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომლის მუშაობაშიც პარტია „მოქალაქეები“ აქტიურად იყო ჩართული და რომლის ამოცანაც იყო პენსიების არსებული სისტემის შესწავლა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი ანალიზი. კომისიის მუშაობის ფარგლებში, ექსპერტების, პარლამენტის წევრების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საბანკო-საკრედიტო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, შემუშავდა ახალი საკონკურსო პირობები, რომლის საფუძველზეც გარანტირებული იქნება პენსიონრისთვის სესხის/კრედიტის გაცემისას სესხის საპროცენტო განაკვეთის ადამიანური პროცენტი.
საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ შემოსვლის შემდგომ, ჩვენი ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ახალი საკონკურსო პირობების ისეთი ფორმით ჩამოყალიბებაზე შეთანხმება, სადაც დაწესებული იქნება გარკვეული ლიმიტი, რომლის საფუძველზეც პენსიონერებზე სესხის გაცემა მოხდება ისეთ პროცენტში, რომელიც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო არ დაამძიმებს“, – ნათქვამია განცხადებაში.