საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.
ვიზიტის ფარგლებში, ქართველი პარლამენტარები კონგრესმენებს – ტომ მალინოვსკის, ჯონ კურტის და ელისა სლოტკინს შეხვდნენ.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე, ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების წარმატებებზე და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მომავალ ნაბიჯებზე.
შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მხარდაჭერის აქტს, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს.
„ჩვენი ინტერესის საგანია, შევხვდეთ როგორც იმ კონგრესმენებს, რომლებთანაც წლებია გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხში. ასევე იმ კონგრესმენებს, რომლებიც სულ ახლახან ჩატარებული არჩევნების შედეგად შეუერთდნენ კონგრესის შემადგენლობას. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ახალარჩეული კონგრესმენები ჩავრთოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების ლობირებაში“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ საკითხებს, რაშიც კონგრესმენების აქტიური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
„ვისაუბრეთ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე, რომლის ინიციატორი საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფია ამერიკის კონგრესში. გარდა ამისა, ვსაუბრობთ ჩვენს მისწრაფებებზე, გავხდეთ ნატოს წევრი. ყველასთვის ცნობილია, რაოდენ მნიშვნელოვანია ამერიკის პოზიცია ამ საკითხის საქართველოსთვის სასიკეთოდ გადაწყვეტისთვის. გარდა ამისა, ჩვენი სურვილია, გვქონდეს უფრო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია დიალოგი თავისუფალ ვაჭრობაზე“, – აღნიშნა თამარ ხულურდავამ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ერთ-ერთი პირველი მართავს შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ კონგრესში. მისი თქმით, საქართველო სარგებლობს ძალიან მყარი ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ის მხრიდან.
„შეხვედრები გვაქვს როგორც ძველ მეგობრებთან, ასევე ახალ კონგრესმენებთან. ეს შეხვედრები სწორედ იმ საკითხებზე საუბარს მიეძღვნა, სადაც ვაპირებთ გავაღრმავოთ ჩვენ ურთიერთობები – იქნება ეს თავდაცვა და უსაფრთხოება, ვაჭრობა, ეკონომიკური საკითხები თუ სხვა მიმართულებები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში. საპარლამენტო დელეგაციაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ელენე ხოშტარია.
საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში 28 იანვარს ჩავიდა და ოფიციალურ ვიზიტს პირველ თებერვალს დაასრულებს.