საპარლამენტო დელეგაცია, დავით მათიკაშვილის ხელმძღვანელობით, აშხაბადში ვიზიტით იმყოფებოდა
საპარლამენტო დელეგაცია, დავით მათიკაშვილის ხელმძღვანელობით, აშხაბადში ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოსა და თურქმენეთს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ფარგლებში, 21-23 მაისს თურქმენეთის დედაქალაქში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, დავით მათიკაშვილის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა თურქმენეთის ახალი მოწვევის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგუზელ გულმანოვას.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომ პერსპექტივებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკანონმდებლო ორგანოების შესაბამის კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, ასევე, საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

ხაზი გაესვა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში მხარეთა აქტიური თანამშრომლობის საჭიროებას: სატრანსპორტო, სატრანზიტო, ენერგეტიკულ, სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოში მიიწვია.

თურქმენეთის მეჯლისში ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის როლის მნიშვნელობა, საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული პრიორიტეტული ორმხრივი, მრავალმხრივი და ასევე, საერთაშორისო საკითხები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას და საქართველო-თურქმენეთს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს უფრო მაღალ დონეზე აიყვანენ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიაჰრი ბიაშიმოვას.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მაღალი დონე და იმსჯელეს მათი განვითარების პერსპექტივებზე.

ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული მექანიზმები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევას რეგიონული მნიშვნელობის გამოწვევების დასაძლევად და საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში პოზიტიური თანამშრომლობის გაგრძელებას.

საპარალამენტო დელეგაციის შემადგენლობაში თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი და ჯგუფის წევრები: ბექა დავითულიანი, გოგი მეშველიანი, ირაკლი ზარქუა და გიორგი ცაგარეიშვილი შედიოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.