საპარლამენტო არჩევნების უწყებათაშორისმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა
საპარლამენტო არჩევნების უწყებათაშორისმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი კომისიის სხდომას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და კომისიის სხვა წევრები.
მიხეილ სარჯველაძემ კომისიის წევრებს მისასალმებლი სიტყვით მიმართა და კომისიის სამომავლო საქმიანობის გეგმები და ამოცანები გააცნო. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის ბრძანებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიქმნა. მისი მიზანი წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა.
კომისია ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამისათვის კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები. საარჩევნო გარემოს მონიტორონგის პროცესში კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან. ამიერიდან კომისია შეიკრიბება ორ კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ − არანაკლებ კვირაში ერთხელ.
უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს. კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: [email protected]; აგრეთვე ცხელ ხაზზე – (995) 599 85 0011.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. ასევე, კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნების, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის არჩევნების და საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების დროსაც.
უწყებათაშორისმა კომისიამ პირველ სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ანგარიში მოისმინა საარჩევნო სიების სრულყოფისათვის გაწეული სამუშაობის შესახებ. პრეზენტაცია კომისიას სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძემ წარუდგინა.
საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია მონაცემთა ბაზაში დაზუსტებული და უტყუარი მონაცემების არსებობა, რაც ბიომეტრიული დოკუმენტების საშუალებით მიიღწევა. პროექტი 7შვიდიბი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტატუსშეჩერებული პირები, არასრულ ან ლიკვიდირებულ მისამართზე რეგისტრირებული პირები, მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები, უსურათო ან უხარისხო სურათიანი დოკუმენტების მფლობელი პირები; გარდაცვლილი პირები, რომელთა გარდაცვალება არ არის რეგისტრირებული. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო არ ელოდება მიმართვას, თავად მოიძიებს შესაძლო ხარვეზის მქონე ფაქტებს და თავად უკავშირდება მოქალაქეებს იმისათვის, რომ მოხდეს დოკუმენტებში არსებული ხარვეზის გამოსწორება, რაც შემდგომ დადებითად აისახება საარჩევნო სიების მეტ სიზუსტეზე. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს სამ მილიონზე მეტი მოქალაქე ფლობს ბიომეტრიულ დოკუმენტებს. შედარებისათვის, მათი რაოდენობა 2012 წელს ნახევარ მილიონამდე იყო.
ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.