გივი მიქანაძე - მოვითხოვეთ, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაიქირაოს 12 ე.წ. მთვლელი, შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან
მოვითხოვეთ, 12 ე.წ. მთვლელის დაქირავება მოხდეს, რომლებიც ჩვენი თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში განახორციელებენ გადათვლის პროცესს, როცა შევათანხმებთ, რომელი უბნების გადათვლა მოხდება და რა პრინციპით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, გადათვლის პროცესი არ არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების ქონასთან.
„სამოქმედო გეგმა, რომელსაც დღეს ჩვენ იმედია, დავამტკიცებთ, ერთ-ერთ კომპონენტად ითვალისწინებს გარკვეული უბნების გადათვლას, რაც საგამოძიებო პროცესისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია. გადათვლის პროცესი არ არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების ქონასთან. ეს პროცესი პროფესიონალურად რომ წარიმართოს, ბიუჯეტით მოვითხოვეთ 12 ე.წ. მთვლელის დაქირავება მოხდეს, რომლებიც ჩვენი თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში განახორციელებენ ამ გადათვლის პროცესს, როცა შევათანხმებთ, რომელი უბნების გადათვლა მოხდება და რა პრინციპით. ეს ადამიანები განახორციელებენ გადათვლას, მაგრამ ჩვენ ვიქნებით დამსწრე, ზედამხედველი და იმის მაკონტროლებელი, რომ ეს პროცესი სწორად მიმდინარეობს. საჯაროობა და ღიაობა უზრუნველყოფილი რომ იყოს, მნიშვნელოვანი იქნება, პროცესი ლაივსტრიმით, პირდაპირ ეთერში გადაიცეს“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისივე თქმით, კომისიის აპარატის ფარგლებში მოხდება თანამშრომლების დაქირავება, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან თითოეულ სხდომასთან დაკავშირებით საოქმო ჩანაწერებზე, ასევე, საორგანიზაციო საკითხების მიმართულებითაც.
„ერთი ადამიანი იქნება, რომელიც კომისიის მუშაობის ამსახველ დასკვნას მოამზადებს და შემდგომში ეს დასკვნა ჩვენ წარგვედგინება, რაც განიხილება კომისიის მუშაობის ფორმატში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, მხარს ვუჭერთ თუ არა დასკვნის ამ ფორმას. მხარდაჭერის შემთხვევაში კი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს და პარლამენტის პლენარულ სესიას შემდგომი განხილვა-დამტკიცებისთვის“, – განაცხადა მიქანაძემ.