საოპერო მომღერალ პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეითედ პრესი“ ავრცელებს.
ჟურნალისტებს დომინგოს მხრიდან შევიწროების ფაქტების შესახებ რვა მომღერალმა ქალმა და ერთმა მოცეკვავემ შეატყობინეს. მათგან მხოლოდ ერთმა გაამხილა ვინაობა. ეს პატრიცია ვულფია.
ქალების განცხადებით, პლასიდო დომინგო მათ სექსუალურ შევიწროებას 1980-იანი წლებიდან ახორციელებდა. მათი მტკიცებით, ცნობილი მომღერალი ქალებს სპექტაკლებში როლებს სთავაზობდა. სულ მცირე ექვსმა ქალმა აღიარა, რომ პლასიდო დომინგოსგან „შეურაცხმყოფელი შეთავაზება“ მიიღო. საოპერო სფეროში მოღვაწე ათობით ადამიანმა დომინგოს წინააღმდეგ მისცა ჩვენება.
თავად მომღერალი ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს და ბრალდებას უარყოფს.
პლასიდო დომინგო ცნობილი მომღერალი და დირიჟორია. მისი კარიერა 50 წელს ითვლის. მას 14 გრემი აქვს მიღებული.