საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ - ფოთში ამომრჩევლის მაღალი აქტივობაა, რასაც საარჩევნო უბნები მოუმზადებელი შეხვდა
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ - ფოთში ამომრჩევლის მაღალი აქტივობაა, რასაც საარჩევნო უბნები მოუმზადებელი შეხვდა

ფოთში N70 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, დავით ხომერიკი საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უბნებზე დიდია კორონავირუსის გავრცელების საფრთხე.

„ფოთის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა მრავალი დარღვევა, დაწერილია 30-ზე მეტი საჩივარი. ძირითადად, საჩივრები ეხება კომისიის თავჯდომარეების მიერ უფლებამოსილების გადამეტებას. ისინი ჩვენი კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს არ აძლევენ საშუალებას, განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილება. ასევე, საარჩევნო უბნების პერიმეტრზე ადამიანების ნების გამოხატვას აკონტროლებენ. მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთ უბანზე კომისიის ერთ-ერთი წევრი არის ადამიანი, რომლის ოჯახის წევრიც არის კოვიდინფიცირებული. ამაზე მივმართე საოლქო კომისიის თავჯდომარეს. გარდა ამისა, საარჩევნო უბნებზე არის ძალიან დიდი აქტივობა, რასაც მოუმზადებელი შეხვდა საარჩევნო უბნები. არის იმის საშიშროება, რომ ინფექცია გავრცელდეს, რადგან სოციალური დისტანცია არ არის დაცული“, – განაცხადა დავით ხომერიკმა.

აღნიშნულ ბრალდებებს გამოეხმაურა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია.

„კენჭისყრის ოთახში ადამიანს სიცხე თუ არ უფიქსირდება, მას ვერ დავატოვებინებთ საარჩევნო უბანს. რაც შეეხება შეზღუდვას თავმჯდომარეების მხრიდან, მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყველა უბანზე ვიყავი, სადაც კი მსგავსი შენიშვნა ჰქონდათ. ყველა ფაქტი აღმოფხვრილია. ასევე, უნდა ითქვას, რომ მათი წარმომადგენლები და დამკვირვებლები ანალოგიურად ძალიან ცუდად იქცევიან და ხელს უშლიან კომისიას მუშაობაში. ამიტომ ვერ მივიღებ ამ ბრალდებას“, – განაცხადა სალომე როდონაიამ.