ორთვიანი პატიმრობის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები რამაზ ბეღელური გათავისუფლდა.
ის ე.წ. სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს. რამაზ ბეღელური ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
სამართალდამცველებმა რამაზ ბეღელური უკვე გამოკითხეს. გათავისუფლებული ამბობს, რომ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მასზე ზეწოლა არ ყოფილა.
ბეღელური ასევე აცხადებს, რომ მას ერთხელ შეხვდა ზაზა გახელაძე, თუმცა მასთან საუბრის შესაძლებლობა არ ჰქონდა.
ერგნეთში იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.
„ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური. აღნიშნული მოხდა ევროკავშირის ცხელი ხაზის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით. გამოყენებული იქნა ყველა ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმი, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის ფორმატი. სახელმწიფო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ ყველა ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდეს თავის ოჯახებს. რაც შეეხება გახელაძის საკითხს, ამ საკითხზე დიალოგი გრძელდება და სახელმწიფო მიმართავს ყველა საშუალებას, რათა ჩვენი ყველა მოქალაქე, რომელიც არის უკანონო პატიმრობაში, საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
რამაზ ბეღელური რუსმა სამხედროებმა 2 თებერვალს, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით მესამედ დააკავეს.