საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის სასამართლო პროცესი დღეისთვის დასრულებულია და ხვალ დღის პირველი საათისთვის განახლდება, – ამის შესახებ ცხელ ხაზზე შემოსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სუს-ის პრესსამსახური იუწყება.

მათი თქმით, საქმესთან დაკავშირებით დღეს დილიდან ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ქართული მხარე მათგან ინფორმაციას პერიოდულად იღებდა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედება ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის „ვიდეოაღიარებაც“ გაავრცელა, რომლის მიხედვით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ჰპირდებოდნენ. ოჯახი ხვიჩა მღებრიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.