საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ახლობლის ინფორმაციით, მღებრიშვილი თავს კარგად გრძნობს
წითელმა ჯვარმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მოინახულა. მღებრიშვილმა წითელ ჯვარს ახლობლებისთვის გადასაცემად წერილი გაატანა.
როგორც უკანონოდ დაკავებულის ძმისშვილმა, ავთო დვალიშვილმა განაცხადა, მღებრიშვილი იტყობინება, რომ თავს კარგად გრძნობს და მას იზოლატორში ნორმალურად ეპყრობიან.
„წერილი ახლა გადმომცეს წითელი ჯვრის ოფისში. მასში სულ რამდენიმე წინადადება წერია. გვწერს, რომ კარგადაა და ნორმალურად ექცევიან. სასეირნოდაც გავყავარო. იმედი აქვს, მალე გამოუშვებენ. ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალური აქვს. სულ ესაა, რისი გაგებაც შევძელით დაკავებიდან ორი თვის შემდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის“, – განაცხადა ავთო დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, წითელმა ჯვარმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მონახულება გუშინ შეძლო. წითელმა ჯვარმა მღებრიშვილს ოჯახისგან წერილი გადასცა.
ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა ორი თვის წინ დააკავეს. მას სამთვიანი უკანონო პატიმრობა მიესაჯა.