საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი ახალი ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 27 ადამიანს ჩაუტარდა, შედეგად ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთი სტუდენტია, რომელიც რუსეთიდან დაბრუნდა, მეორე რუსეთის საოკუპაციო ძალების გუდაუთის მე-7 ბაზის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დაღესტნიდან დაბრუნდა.
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის 14 პაციენტს მკურნალობენ. მათივე ცნობით, დაფიქსირდა ინფიცირების სულ 17 ფაქტი, მათგან ორი გამოჯანმრთელდა, ხოლო ერთი გარდაიცვალა.