სანდრო რაქვიაშვილი - ვეჭვობ, გიორგი ვაშაძეს და მის ჯგუფს გაუჩნდათ ტაქტიკა თუ სტრატეგია, „ნაციონალური მოძრაობის“ გულდაწყვეტილ ამომრჩეველზე ინადირონ
ვეჭვობ, გიორგი ვაშაძეს და მის ჯგუფს გაუჩნდათ ტაქტიკა თუ სტრატეგია, „ნაციონალური მოძრაობის“ გულდაწყვეტილ ამომრჩეველზე ინადირონ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვაშაძე და მისი კოლეგები ევროინტეგრაციას აზიანებენ და მათი მოქმედებები პოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი არ არის.
„რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი, რომელსაც უმოქმედობას აბრალებენ, ეჭვი მაქვს, გიორგი ვაშაძეს და მის ჯგუფს გაუჩნდათ ტაქტიკა თუ სტრატეგია, „ნაციონალური მოძრაობის“ გულდაწყვეტილ ამომრჩეველზე ინადირონ. ამიტომ ცდილობენ, სიტყვით ან განცხადებით რადიკალიზმი გამოაჩინონ. რასაც ვაშაძე და მისი კოლეგები აკეთებენ, ეს ევროინტეგრაციას სულ მცირე აზიანებს და პოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი არ არის.
ტაქტიკური ნაბიჯია, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველს დაკარგავს, შეიძლება, იმედი ჰქონდეს, რომ ფსევდორადიკალიზმით ამომრჩეველს მოატყუებს და რამდენიმე ხმას დაიტოვებს. ამის უკან შინაარსში არაფერი დგას. ფსევდორადიკალიზმი იმიტომაა, რომ ნამდვილი რადიკალიზმი იდეით არის. ნებისმიერი იდეოლოგიური ადამიანი რადიკალი შეიძლება იყოს. ამ ადამიანების უკან არანაირი იდეა არ დგას. ამბობენ, პროევროპული ძალა, რადიკალები არიან და რაში არიან, რევოლუციით შეგვიყვანენ ევროპაში, რომელიც რამდენჯერმე დაანონსეს და რით შემოიფარგლა, განცხადებით? მელიას ადანაშაულებენ, რომ პასიურია. ანუ, რა მოეთხოვება? მეტი რადიკალიზმი და ვინ არის რადიკალი? გიორგი ვაშაძე“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.