სანდრო რაქვიაშვილი - ოპოზიციიდან კოლეგები თუ შევლენ პარლამენტში, რა თქმა უნდა, იქ „გირჩიც“ იქნება
ოპოზიციიდან კოლეგები თუ შევლენ პარლამენტში, რა თქმა უნდა, იქ „გირჩიც“ იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა პერსპექტივას ხედავს იმ განცხადებების ფონზე, რაც ოპოზიციური პარტიების მხრიდან კეთდება, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, მოლაპარაკება შედგება.
„თუმცა, მე რაც მაწუხებს, არის ის, რომ მე მგონი, ჩემი კოლეგები ზუსტად არ აფასებენ, თუ რა რისკების წინაშე შეიძლება, აღმოვჩნდეთ, როგორც კი პარლამენტი არ გვექნება. ეს მოხდება, თუ მანდატები გაუქმდება. ეს მართლაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ლეგიტიმაციას და როგორია, იცხოვრო საპარლამენტო რესპუბლიკაში, რომლის პარლამენტიც არალეგიტიმურია?! ეს არა მარტო „ქართული ოცნებისთვისაც“ იქნება ცუდი, არამედ ყველასთვის. ამიტომ, თუ შეგვიძლია, ამ კრიზისიდან გამოვიდეთ, მშვიდობიანად უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
როგორც „გირჩის“ წევრმა აღნიშნა, ოპოზიციაში დისკუსია შეწყდა, რაც ძალიან ცუდია.
„ოპოზიციაში ჩემი კოლეგებისგან მართლა მაინტერესებს, რატომ შევწყვიტეთ დისკუსიები და რატომ გადავერთეთ სადღეგრძელოებზე, რომ გაზაფხულზე რაღაც კარგი იქნება, რომ ყველაფერი თავისთავად დალაგდება, რომ „ბაიერნის“ ადმინისტრაცია მაინცდამაინც ჩვენ საქმეში ჩაერევა, რადგან ქართული ოპოზიცია ძალიან უყვარს, რატომ შეიძლება, მშიერი ხალხის ზურგზე შევიდეთ პარლამენტში და ა.შ?“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, არ სმენია, რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა შეიძლება, მოხდეს გაზაფხულზე.
„სამწუხაროდ, არ გამიგონია არც ერთი დალაგებული გეგმა, თუ რა შეიძლება, მოხდეს გაზაფხულზე. ძალიან გამიხარდება, თუ ეს გეგმა გაჩნდება. შეიძლება, ჩვენ ვცდებით ბოლოს და ბოლოს და რომელიღაც პარტიას აქვს ასეთი გეგმა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გარემოს მართლაც შეცვლის, მათ შორის პოლიტიკურს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს გეგმა რომ არსებობდეს, ამას გააჟღერებდნენ. იმიტომ, რომ მინიმუმ, ეს პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
რაქვიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჩვენ ვართ გარემოში, სადაც ერთი მხრივ, არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ფაქტობრივად, ყველა ინსტიტუცია გაანადგურა, რომელსაც შეიძლება, ვენდოთ, იქნება ეს სასამართლო თუ ცესკო და მეორე მხრივ, გვყავს ოპოზიცია, რომელსაც თამაში ჰგონია, შევა პარლამენტში თუ არა და თუ „ქართული ოცნება“ ამით დაზიანდება, ეს კარგი იქნება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შთაბეჭდილება დარჩა საერთო ოპოზიციური ფორმატის შეხვედრებში, ვინ იყო გადაწყვეტილებების მიმღები, რადგან ყველა ოპოზიციური პარტია მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს საერთო ოპოზიციურ ფორმატზე გავლენა არ აქვს და ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსის რეჟიმში მიიღება, რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში კრიტიკული ანალიზის ძალიან დიდი ნაკლებობაა.
„მათ შორის – იგივე რისკების. ათჯერ თუ ოცჯერ გვქონდა საუბარი იმაზე, რას ვაკეთებთ მეორე ტურის შემდეგ, ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ, შემდეგ წელს, გაზაფხულზე, მაგრამ არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი არ იყო მიღებული. ამაზე შინაარსობრივი დისკუსიაც კი არ გვქონია. გარდა იმისა, რომ ბოიკოტი ჩემთვის უცნობი რაღაც არის, ამ მომენტში ბოიკოტში მარტო ჩვენ დავრჩით. „მოქალაქეები“ პარლამენტში შევიდნენ და ბოიკოტში მხოლოდ ერთი პარტია, ამ შემთხვევაში „გირჩი“. იმიტომ, რომ დანარჩენი პარტიები დაფინანსებას იღებენ, პარლამენტარების დიდი ნაწილი ხელფასს იღებს, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ, თუ არაფერი შეიცვალა და ა.შ. კითხვაზე, ამას რატომ აკეთებ, ზოგიერთი ღიზიანდება და ჩხუბს იწყებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.