სანდრო რაქვიაშვილი - მეც დიდი ინტერესით დაველოდები უახლოეს დღეებს, რომ ვნახოთ, ვისზე იყო საუბარი, რომელი ოპოზიცია გააგრძელებს პარლამენტში მუშაობას
საინტერესო განცხადება იყო, მეც დიდი ინტერესით დაველოდები უახლოეს დღეებს, რომ ვნახოთ, ვისზე იყო საუბარი და რომელი ოპოზიცია გააგრძელებს პარლამენტში მუშაობას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განცხადა.
აღნიშნული კომენტარით რაქვიაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თვმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „უახლოეს თვეებში პარლამენტი უკვე იქნება ზუსტად ისეთ ფორმაში, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ უახლოეს დღეებში უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეოაბს საპარლამენტო პროცესში“.
რაქვიაშვილი აბობს, რომ ამ თვალსაზრისით თავად განსაკუთრებული ინფორმაცია არ აქვს.
„ამ დღეებში არაფერი მომხდარა ისეთი, ვთქვა, რომ რაღაც ვიცი, მაგრამ, სავარაუდოდ, ხდებოდა რაღაც კულუარული შეთანხმებები, რომელიც არის საჯარო ამ შემთხვევაში. წელი მთავრდება, ალბათ იგულისხმება ეს რამდენიმე დღე, რაც დაგვრჩა წელს და ერთ ორ დღეში გავიგებთ, რა იგულისხმა ბატონმა არჩილმა“, – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „თქვენ ფიქრობთ, რომ რომელიმე კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და ამის შედეგად უნდა ველოდოთ პარლამენტში შესვლას, თუ „ოცნებას“ ახალი წინადადება ექნება?“, რაქვიაშვილი პასუხობს: „რა თქმა უნდა, მე მირჩევნია, რომ მეორე იყოს, „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული ნაბიჯები გადადგას და შედგეს ეს მოლაპარაკება. თუ წარმატებული იქნება, ყველა, მთელი ოპოზიცია შევა პარლამენტში და ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი. მაგრამ ეს ალბათ „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული და არ ვიცი, რამდენად შეესაბამება რეალობას. ისიც შესაძლებელია, რომ ცალკეული ოპოზიციონერები ან ცალკეული პარტიები მაინც მიიღებენ გადაწყვეტილებას და შევლენ პარლამენტში. თუმცა არ მგონია, რომ საბოლოო ჯამში ეს იყოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
ამასთან, სანდრო რაქვიაშვილის თქმით, „გირჩის“ წარმომადგენლებს აქვთ კომუნიკაცია სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან, რათა უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბონ პოზიციები და მეხუთე რაუნდი შედგეს.
„ჩვენთან განსაკუთრებული არაფერი არხდება, მშვიდი პერიოდი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, რადგან ძალიან სერიოზულ პროცესში ვართ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ზოგადად აღებული. მაგრამ ჩვენ ახლა ვცდილობთ, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან კომუნიკაცია გვქონდეს, შეძლებისდაგვარად, არ დავასვენოთ და ერთი მხრივ, რაღაცნაირად კონსოლიდაციაც გავაკეთოთ, უფრო მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიციები, რომ შედგეს მეხუთე რაუნდი და ეს იყოს წარმატებული მეხუთე რაუნდი“,- განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.