სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესა და დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ
ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ილია ღუდუშაურსა და დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ. სააგენტოში გამართულ შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და იურისტებიც ესწრებოდნენ.
დევნილებს ყოფილი სანატორიუმის შენობაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათი წინადადებები მოისმინეს.
„იმისათვის, რომ პროცესი მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს, დევნილ ოჯახებთან შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც სამუშაო შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.
მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა სააგენტომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი უკვე დაიწყო.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, განსახლების ორივე მოდელით, 16-მა დევნილმა ოჯახმა უკვე ისარგებლა. 2022 წელს, ეტაპობრივად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით უპირობოდ დაკმაყოფილდება“, – აცხადებენ დევნილთა სააგენტოში.