სან-მარინოში რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, მოსახლეობამ აბორტის დაკანონებას მხარი დაუჭირა
სან-მარინოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, მოსახლეობამ აბორტის დაკანონებას მხარი დაუჭირა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, არჩევნების შედეგებმა გააუქმა კანონი, რომელიც 150 წლის განმავლობაში მოქმედებდა და აბორტი კრიმინალიზებული იყო.
ამომრჩევლების 77 პროცენტმა მხარი დაუჭირა რეფერენდუმის წინადადებას, რომელიც ითხოვს აბორტის ლეგალიზებას ორსულობის პირველ 12 კვირაში. აბორტი ასევე ლეგალური იქნება იმ შემთხვევაში, თუ ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ან თუ მის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება ნაყოფის ანომალიების ან პათოლოგიების გამო.
სან-მარინოს პარლამენტმა ახლა უნდა შეიმუშაოს კანონპროექტი პროცედურის ლეგალიზაციისთვის.
რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობა 41 პროცენტი იყო. იტალიისგან გარშემორტყმულ მიკროსახელმწიფოში 33 000 ადამიანი ცხოვრობს. სან-მარინო, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რესპუბლიკა, იყო ერთ-ერთი ბოლო ევროპული სახელმწიფო, სადაც აბორტი კრიმინალიზებული იყო. აბორტი ჯერ კიდევ უკანონოა მალტასა და ანდორაში, ხოლო პოლონეთმა ამ პროცედურის თითქმის სრული აკრძალვა შემოიღო მიმდინარე წელს.