სან მარინოს განათლების მინისტრი - საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საზოგადოებას შესთავაზა უნიკალური პროექტი „პირველი არხი - განათლება“
საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საზოგადოებას შესთავაზა ახალი, უნიკალური საგანმანათლებლო პროექტი „პირველი არხი – განათლება“, სადაც ყოველდღიურად ტარდებოდა გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, – ამის შესახებ სან მარინოს რესპუბლიკის განათლების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკის, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევების მინისტრმა, ანდრეა ბელუციმ განაცხადა.
სან მარინოს რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს სან მარინოს რესპუბლიკის კაპიტანმა რეგენტებმა, მარია ლუიზა ბერტიმ და მანუელ ჩიავატამ უმასპინძლეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოსა და სან მარინოს განათლების მინისტრები.
სიტყვით გამოსვლის დროს სან მარინოს განათლების მინისტრმა განსაკუთრებულად გამოყო საქართველოს მთავრობის ძალისხმევა პანდემიის დროს განათლების უწყვეტობის შენარჩუნების საქმეში და განაცხადა, რომ საქართველომ ძალიან სწრაფად შეძლო ადაპტირება ახალ რეალობასთან და უზრუნველყო პროცესების ეფექტიანად მართვა.
საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ანდრეა ბელუციმ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს მხარდაჭერისთვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის სან მარინოს რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრები გამართა სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრთან, ლუკა ბეკარისთან და სან მარინოს რესპუბლიკის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კეთილდღეობისა და სოციალური დაცვის, პოლიტიკური საკითხების, თანაბარი შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მინისტრთან, რობერტო ჩიავატასთან.