სამთვიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის აეროპორტებმა მუშაობა განაახლეს. „როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყანა უცხოელი ტურისტების მიღებას იწყებს.
ახალი წესების მიხედვით, იმ ქვეყნებიდან ჩასულ ადამიანებს, რომლებიც ევროკავშირის ავიაციის სააგენტოს მიერ მომატებული რისკის ქვეყნებადაა შეფასებული, აეროპორტშივე ჩაუტარდებათ „კოვიდ-19“-ზე ტესტი. ტესტის პასუხის მიხედვით კი, გადაწყდება, საჭიროებს თუ არა პირი 14 დღიანი კარანტინის გავლას. ცნობილია, რომ შეზღუდვები იმოქმედებს ბრიტანეთიდან და თურქეთიდან ჩასული ტურისტებისთვის.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი აცხადებს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ადამიანების უსაფრთხოებაა.
„შეგიძლიათ, საბერძნეთში ჩამოხვიდეთ, არაჩვეულებრივ გამოცდილებას მიიღებთ, შეგიძლიათ დასხდეთ ვერანდაზე, დატკბეთ არაჩვეულებრივი ხედებით, მაგრამ არ გვსურს, გიხილოთ სანაპიროზე გადაჭედილ ბარში, გარკვეული აქტივობები ამ ზაფხულს ნებადართული არ იქნება“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 3 121 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 183 ადამიანი.