საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ საკადრო სიახლეებია. გუნდი, რომელიც ელიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის, ეროვნული ლიგა 2-ში სეზონის განახლებისთვის გაძლიერებული შემადგენლობით ემზადება.
კვლავ „სამტრედიას” მაისურს მოირგებს ვარლამ კილასონია. ის კლუბში ორი წლის შემდეგ დაბრუნდა. 29 წლის გამოცდილი მცველი „სამტრედიას“ ღირსებას 2019-2020 წლებშიც იცავდა.
„სამტრედიას” ფეხბურთელი გახდა ბაქარ მირცხულავაც – 29 წლის გამოცდილი მცველი, რომელიც ბოლოს „ტორპედოში” გამოდიოდა. მან ქუთაისური კლუბი ზაფხულში დატოვა.
მანამდე გუნდმა ბოლნისის „სიონიდან” და „ტორპედოდან“ სამი მოთამაშე დაიმატა – ბოლნისიდან გამოცდილი მცველი, გიორგი კორიფაძე, ხოლო ქუთაისური კლუბიდან იჯარით ახალგაზრდები – ანზორ თევზაძე და ვახტანგ ბოჭორიშვილი.
„სამტრედიამ“ პირველი ამხანაგური შეხვედრა ბოლნისის „სიონთან“ ჩაატარა და 1:0 მოიგო. „სამტრედია“ კიდევ 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს – 25 ივლისს გორის „დილას” დაუპირისპირდება, 27 ივლისს – „ლოკომოტივი 2”-ს, ხოლო 31 ივლისს – „გაგრას“.
გუნდი სეზონს საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩით განაახლებს – გუნდი 7 აგვისტოს „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ „დინამო თბილისს” უმასპინძლებს.