სამშენებლო სექტორში პროფესიული უნარების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების თემაზე თბილისში კონფერენცია გაიმართება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA), GIZ-ის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს თანამშრომლობის ფორუმს უმასპინძლებენ, სახელწოდებით – „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი თემა საქართველოში სამშენებლო სექტორში პროფესიული კვალიფიკაცია იქნება. სამშენებლო კომპანიების, ასოციაციების, სასწავლო საწარმოებისა და სამინისტროების წარმომადგენლებს შორის გაიმართება დიალოგი, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ სამშენებლო სექტორი ევროპული სტანდარტების შესაბამისი უნარების მქონე პროფესიონალი კადრებით. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დუალური პროფესიული სწავლების განხორციელებას, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო მშენებლობის მიმართულებით შვიდ პროფესიულ პროგრამაზე, ათ სამშენებლო კომპანიასა და სამ პროფესიულ კოლეჯში.
ფორუმის ფარგლებში, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ მშენებლობაში ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების (OHS), ენერგოეფექტურობისა და პროფესიული განათლების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე, აგრეთვე, დაგროვილ გამოცდილებებზე.
ღონისძიებას გახსნიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე/საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის დირექტორი კარლ ფრიდრიხ ტესტენსენი.
ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი.
სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები წარადგენენ საკუთარ ხედვას შრომის უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტურობის საკითხებზე.
„სამშენებლო კომპანიებს დაურიგდებათ და შეხვედრაზე განიხილავენ სახელმძღვანელოს „ენერგოეფექტურობა მშენებლობაში“, რომელიც GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD) TVET SC) მომზადდა ქართველი და გერმანელი ექსპერტების მონაწილეობით, მდგრადი ენერგიისა და გარემოს ექსპერტთა კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოში ენერგოეფექტურობის სტანდარტების გასაუმჯობესებლად. სახელმძღვანელო მოიცავს პრაქტიკულ მითითებებს და ინსტრუქციებს კერძო სექტორისთვის, რათა ფართოდ დაინერგოს და გაიზარდოს შენობების ენერგოეფექტური სტანდარტები. სახელმძღვანელო ასევე მოიცავს მსოფლიოში პროგრესირებადი კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ სხვადასხვა საფრთხეებს, ენერგოდაზოგვის გზებს, როგორც გლობალური ძალისხმევის ნაწილს და მის როლს მდგრად მშენებლობაში“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ღონისძიება GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) მხარდაჭერით ჩატარდება, რომელიც ხორციელდება საქართველოში პასუხისმგებელი სამინისტროების მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით.