აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საკითხებზე კონფერენცია იმართება
29-30 სექტემბერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით იმართება პროგრამის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ორდღიანი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებს 60-მდე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. პროგრამა „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ხორციელდება საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინასა და სომხეთში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით.
„ეს სოლიდური პროექტი თავისი კონცეფციით და შინაარსით მდგრად და ინკლუზიურ ადგილობრივ განვითარებას ემსახურება. შესაბამისად, მისი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შიდა და გარე შესაძლებლობების განვითარება, არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება, მათ შორის კავშირების დამყარება, საერთო გამოწვევების განხილვა და სხვადასხვა ადგილობრივი მნიშვნელობის საგრანტო პროექტების შემუშავება“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ორდღიანი კონფერენცია ოფიციალურად გახსნა GIZ-ის პროგრამის დირექტორმა დოქტორმა თომას მაიერმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ქვეყანაში მდგრადი და ინკლუზიური განვითარების მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და მნიშვნელოვან როლს. მისი თქმით, ყველა იმ სფეროში, სადაც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების (BMZ) მხარდაჭერით GIZ საქართველოში წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს, – როგორიცაა მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება, სამოქალაქო საზოგადოების როლი არის გადამწყვეტი. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით GIZ-ს თავისი მრავალმხრივი წვლილი შეაქვს აღნიშნული სექტორის ზოგად განვითარებაშიც. პროექტის გახსნითი შეხვედრაზე კონფერენციის ფარგლებში პროგრამის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ხელმძღვანელმა დოქტორმა თომას მაირმა და ადგილობრივმა კოორდინატორებმა განიხილეს აღნიშნული პროგრამის მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და აქცენტი გააკეთეს ამ პროცესში რეგიონულ დონეზე სწავლებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფმა (PMCG) წარმოადგინა ადგილობრივი და რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საჭიროებათა კვლევის საინტერესო შედეგები, რომლის საფუძველზეც კონფერენციის მონაწილეები სამუშაო რეჟიმში განიხილავენ შესაძლებლობების განვითარების მიდგომებსა და პერსპექტივებს.
„ჩვენი, როგორც რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების როლი გადამწყვეტია ადგილობრივი განვითარების კუთხით სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებაში. შესაბამისად, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს როგორც საქართველოში ადგილობრივ დონეზე მოქმედ სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ასევე, საერთაშორისო დონეზე არსებული ინოვაციური მიდგომების გაზიარებას, რაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში ეფექტიანი სამოქალაქო ჩართულობისთვის“, – აღნიშნა ნათია აფხაზავამ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელმა.