სამშენებლო ობიექტზე, სადაც დღეს სამი მუშა დაშავდა, სამუშაოები შეჩერდა, ინსპექტირების პროცესი ხვალიდან დაიწყება
თბილისში, „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე, სადაც დღეს სამი მუშა დაშავდა, ინსპექტირების პროცესი ხვალიდან დაიწყება.
როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, მოკვლევის პროცესში აღმოჩენილი გარკვეული ხარვეზების გამო, გადაწყდა, რომ სამუშაოები მათ აღმოფხვრამდე შეჩერდეს.
„მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება, დაიწყო მოკვლევა. მოკვლევა მოიცავდა შემსწრე პირების გამოკითხვას, იმ ადგილის ვიზუალურად დათვალიერების, სადაც ინციდენტი მოხდა და ხვალიდან დაიწყება ინსპექტირების პროცესი. მოკვლევის პროცესში აღმოჩენილი გარკვეული ხარვეზების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევაჩეროთ სამუშაოები სანამ არ მოხდება სრულად აღმოფხვრა.
მოკვლევის დასრულების შემდეგ ყველა დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. სამუშაოებს ასრულებდა რამდენი ქვეკონტრაქტორი, ამიტომ ეს გარკვეულ პროცედურებთანაა დაკავშირებული. უნდა გამოვიკვლიოთ ყველა ის დეტალი, რომელიც დაკავშირებული იყო უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაოს შექმნასთან. გარკვეული სტანდარტები არსებობს, თუმცა არის ხარვეზებიც. ამიტომ, პრევენციისთვის სიმაღლეზე სამუშაოები შეჩერებულია.
ეტაპობრივად ვატარებთ კომპანიების შემოწმებას და კონკრეტულად ამ ობიექტზე ინსპექტირება განხორციელებული ამ ეტაპზე არ ყოფილა”, – განაცხადა ფერაძემ.
„პანორამა თბილისის“ ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე სამი მუშა დღეს დაშავდა. როგორც ექიმები აცხადებენ, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორ დაშავებულს დაჟეჟილობა აღენიშნება, ხოლო ერთს მოტეხილობა აქვს.
თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა კონტრაქტორი კომპანია შპს „ენერჯი პლიუსი“, რომელსაც ხელშეკრულების პირობების ფარგლებში გათვალისწინებული აქვს სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმები.