თავისუფლების მოედანზე, „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე სამი ადამიანი დაშავდა
თავისუფლების მოედანზე, „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე სამი ადამიანი დაშავდა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე სასტუმროს მშენებლობისას სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მოხდა. როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„თავისუფლების მოედანზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე, მშენებლობის პროცესში დაშავდა სამი მუშა. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა კონტრაქტორი კომპანია შპს „ენერჯი პლიუსი“, რომელსაც ხელშეკრულების პირობების ფარგლებში გათვალისწინებული აქვს სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმები“, – აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.

როგორც საქართველოს პირველ არხს ადგილზე განუცხადეს, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორ დაშავებულს დაჟეჟილობა აღენიშნება, ხოლო ერთს მოტეხილობა აქვს.