სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სამოქალაქო საზოგადოებასთან საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების განვითარებისა და გაძლიერების, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებასთან საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების განვითარებასა და გაძლიერებასთან დაკავშირებული აქტივობების შემუშავების, არსებული გამოწვევების დასაძლევი საპასუხო ნაბიჯების განხილვისა და მოსახლეობის ინტერესების კიდევ უფრო მეტად გათვალისწინების მიზნით, სახელმწიფო მინისტრთან ინტენსიურად ითანამშრომლებენ. შემუშავდება ისეთი პროგრამები და პროექტები, რომლებიც მიზნობრივად უპასუხებენ ეთნიკური უმცირესობებისათვის მნიშვნელოვანი თითოეული საკითხის გადაჭრას.
საბჭოს პირველ შეხვედრას, რომელიც დღეს გაიმართა, სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უხელმძღვანელა.
„საბჭო იმ ამოცანით შეიქმნა, რომ ჩვენი ინტერაქცია სამოქალაქო სექტორთან კიდევ უფრო აქტიური გახდეს და ერთად განვიხილოთ გარკვეული იდეები, რაც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მეტად ჩართვას ხელს შეუწყობს. ჩვენ ამის გამოცდილება უკვე გვაქვს. მაგალითად, არსებობს პანკისის განვითარების გეგმა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონები, რომლებზეც პერმანენტულად ვმუშაობთ და ვცდილობთ, ჩართულობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რაც წლების და ათწლეულების განმავლობაშია დაგროვილი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.