„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ - თეა წულუკიანის განცხადება მიზანმიმართული თავდასხმა და დისკრედიტაციის მცდელობაა
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ თეა წულუკიანის განცხადება წარმოადგენს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო საქმიანობაზე მიზანმიმართულ თავდასხმას და დისკრედიტაციის მცდელობას.
„წულუკიანის გამოსვლამ შესაძლოა, წაახალისოს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლების მიმართ ძალადობა და საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტები.
მიგვაჩნია, რომ წულუკიანის დღევანდელი განცხადება არის, 29 სექტემბერს, მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ჩვენს წარმომადგენელზე, გიორგი მუმლაძეზე განხორციელებული თავდასხმის გაგრძელება.
არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მიზნით, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ აქტიურად აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში.
საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ დავარეგისტრირეთ სარჩელი და ვითხოვთ ცესკო-ს სადავო დადგენილების იმ ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილობას გამორიცხავს. ცესკო-მ სარჩელის რეგისტრაციიდან რამდენიმე საათში შეცვალა გადაწყვეტილება და ნახევარი დღით გაახანგრძლივა თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლისთვის ვადა, მოითხოვონ გადასატანი ყუთით სარგებლობა. ეს ადასტურებს ჩვენი სამართლებრივი ბრძოლის მართებულობას. წულუკიანის განცხადების შემდეგ, ჩვენი თითოეული დამკვირვებლის უსაფრთხოებაზე დღეიდან პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და პირადად, თეა წულუკიანს“, – ნათქვამია განცხადებაში.
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, ერთი მეოთხედი, 32 მათგანი არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ყველაზე მრავლად ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჰყავს „ნაციონალურ მოძრობას“, ასეთია 20 ორგანიზაცია. თეა წულუკიანი ერთ-ერთ ორგანიზაციად ასახელებს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ს.