„სამოქალაქო მოძრაობის“ წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან „სამოქალაქო მოძრაობა“ აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას აპროტესტებენ და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
„სალომე ზურაბიშვილმა აბუჩად აიგდო კიდევ ერთხელ არმია, შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც არის ჩვენი სათაყვანო. როდესაც ამ საზიზღრობას ამბობდა, იმ დროს დაიჭრა ავღანეთში ჩვენი ხუთი მებრძოლი. საჯაროდ გამოვიდეს ეს სამარცხვინო ადამიანი და მოიხადოს ბოდიში. ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების. ყური გვაქვს და მგონი, ქართულიც კარგად ვიცით, სიტყვასიტყვით თქვა, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი, არ აქვს შეიარაღება და არც ექნება. თუ ლაპარაკი არ იცის და წერა-კითხვაც არ იცის, წავიდეს საბავშვო ბაღში და იმეცადინოს. ეს არის მიზანმიმართული რუსული სცენარი, რომ გააბანძონ ქართული სახელმწიფოს ცნება და იდეა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მოღვაწეობს და ქართული კულტურის უცხოეთში გატანაში ისინიც უნდა იყვნენ ჩართულნი. „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ქართული ჯარის შესახებ დამახინჯდა და კონტექსტის გარეშე, ინტერპრეტაციით გავრცელდა. „ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.