სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრებმა საია-ს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე მიაწოდეს ინფორმაცია
სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრებმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ (საია) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
„ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საუბარია 73 შემთხვევაზე, როდესაც საარჩევნო კომისიების წევრები არა პროფესიული ნიშნით, არამედ მმართველ პარტიასთან მათი ახლობლობის გამო შეარჩიეს და ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა ოჯახის წევრები დანიშნეს.
„ეს არის არჩევნების გაყალბების მექანიზმი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად დაიწყო. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამის პრევენცია არჩევნებამდე და ვაპირებთ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩავაყენოთ საქმის კურსში. ასევე, მოვუწოდებთ ცესკო-ს ხელმძღვანელ თამარ ჟვანიას, შეწყვიტოს „ქართული ოცნების“ ბრძანებების შესრულება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საია-ს აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის განცხადებით, ორგანიზაცია მიწოდებულ მასალას შეისწავლის და უშუალოდ არჩევნების დროს კომისიების აღნიშნულ წევრთა საქმიანობას დააკვირდება.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, საუბარია ინტერესთა კონფლიქტზე და საარჩევნო კანონმდებლობა დარღვეული არ არის.
„მთავარ ხარვეზად მიგვაჩნია ფაქტი, რომ საუბნო და საოლქო კომისიის წევრთა არჩევისას სავალდებულო არ არის კანდიდატთა გასაუბრება და ისინი მხოლოდ დოკუმენტების მიხედვით იწყებენ კომისიაში საქმიანობას. აუცილებელია, რომ კომისიების დაკომპლექტების წესი იყოს მეტად გამჭვირვალე და კანდიდატებთან გასაუბრება იყოს სავალდებულო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნდოვანია, რა კრიტერიუმით ხდება ორი მეტნაკლებად თანაბარი გამოცდილების მქონე კანდიდატს შორის საბოლოო არჩევანის გაკეთება“, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.