სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის​ მე-40 ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ლევან კარანაძე აირჩიეს
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის​ მე-40 ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ლევან კარანაძე აირჩიეს

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) რიგით მე-40, საიუბილეო ასამბლეის პირველი პლენარული სესიის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები (ქუვეითი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საქართველო და კორეის რესპუბლიკა) ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა წარადგინა. ასამბლეამ წარმოდგენილ კანდიდატებს ერთხმად დაუჭირა მხარი.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ასამბლეა წარმოადგენს ორგანიზაციის სუვერენულ ორგანოს, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ საბჭოს ინიციატივით იკრიბება და სამოქალაქო ავიაციის სფეროში, მომავალი სამი წლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.

ასამბლეაზე წარმოდგენილია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 193 წევრი სახელმწიფო, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციები და ინდუსტრიის მსხვილი წარმომადგენლები. მიმდინარე საიუბილეო ასამბლეის ფარგლებში, გაიმართება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს ახალი წევრების არჩევნები, ასევე დელეგატები განიხილავენ ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის ტექნიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებს.

საქართველოს წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში პირველად იქნა არჩეული. ლევან კარანაძის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე არჩევას, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატების გადმოცემა უძღოდა წინ.

„სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ასამბლეა ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის. ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის გადმოგვეცა ორი სერტიფიკატი, ასევე საქართველოს კანდიდატურა მხარდაჭერილი იქნა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ჩვენი მიღწევებისა და დასახული კურსის აღიარებას საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა ლევან კარანაძემ.