სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კიდევ რომელიმე ქვეყანასთან ავიამიმოსვლის შეზღუდვა არ განიხილება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კიდევ რომელიმე ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვაზე საუბარი არ არის.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენელის, ლევან კარანაძის თქმით, დამატებით ავიამიმოსვლის შეჩერება კონკრეტულ ქვეყნებში ეპიდემიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
„ამ ეტაპზე გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებთან მიმართებაში არ არის მიღებული. სიტუაცია იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება ამა თუ იმ ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა. გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე. ჯერ სხვა ქვეყნებზე საუბარი არ არის.
ყველა მგზავრი მოწმდება საქართველოს აეროპორტებში. იმ შემთხვევაში, თუ საეჭვო სიმპტომები დაუდგინდებათ, გადაყვანილები იქნებიან შესაბამის სტაციონარებში და იქ ხდება მათი შემოწმება, შემდგომი სკრინინგი“ ,- განაცხადა ლევან კარანაძემ.
კარანაძის განმარტებით, ამ დროისთვის არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა სხვა ქვეყნებთანაც შეჩერდეს დროებით პირდაპირი ავიამიმოსვლა.
„ამ მომენატისათვის არ ვადასტურებ, თუმცა ვითარება იცვლება დინამიურად, ყოველწუთიერად და იმის გათვალისწინებით, თუ რა რისკები იქნება და რომელი ქვეყნიდან იქნება მომდინარე ეს რისკი, შესაბამისი უწყებები მიიღებენ გადაწყვეტილებას და ჩვენც აღვასრულებთ“,- განაცხადა ლევან კარანაძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეჩერდა ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა.
ავიაკომპანიებს კი შესაძლებლობა მიეცათ, ჩამოფრინდნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გადაყვანა ირანის მიმართულებით.