სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი - პირველი ივლისიდან იგეგმება ტურიზმის ეტაპობრივი გახსნა, პარალელურად აღდგება ფრენებიც
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან კარანაძის განცხადებით, სააგენტოს 36 კომპანიასთან ჰქონდა კომუნიკაცია და 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ უკვე დაადასტურა მზაობა, პირველი ივლისიდან ეტაპობრივად საქართველოში ფრენები აღადგინონ.
„როგორც ცნობილია, პირველი ივლისიდან იგეგმება ტურიზმის ეტაპობრივი გახსნა. ამის პარალელურად იქნება ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა. 36 კომპანიასთან ჰქონდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კომუნიკაცია და ამ 36 კომპანიიდან უმრავლესობამ, 20-ზე მეტმა კომპანიამ უკვე, ამ ეტაპზევე დაადასტურა ინტერესიც და მზაობაც, რომ პირველი ივლისიდან აღადგინონ ფრენები ეტაპობრივად“, – განაცხადა ლევან კარანაძემ.
მისივე თქმით, დღეს გაიმართა შეხვედრა, სადაც განიხილეს ტექნიკური დეტალები, თუ რას უნდა აკმაყოფილებდნენ აეროპორტები და რა სტანდარტები უნდა იყოს დაცული როგორც ავიაკომპანიების, ისე ტურიზმის სექტორის მხრიდან.
„ეს გაიდლაინები ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებს, საუკეთესო პრაქტიკას, გამოცემული აქვს უკვე საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას გაიდლაინები. გუშინ გამოაქვეყნა ევროკომისიამ ზოგადი პრინციპები და ზუსტად ამ პრინციპებზე დაყრდნობით არის შემუშავებული ეს გაიდლაინები“, – აღნიშნა ლევან კარანაძემ.