სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ქუთაისის აეროპორტში ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები მიავლინა
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ქუთაისი-დორტმუნდის რეისთან დაკავშირებით ტექნიკური ანგარიშების შესწავლა მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, ქუთაისის აეროპორტში მივლინებული არიან სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები.
„ავიაკომპანია „ვიზეარი“ ფლობს უნგრეთის საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატს და საავიაციო უსაფრთხოების მხრივ, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ავიაგადამზიდველი ევროპაში. ავიაკომპანიაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს უნგრული მხარე, ხოლო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან, მასზე ზედამხედველობა ხორციელდება როგორც უცხო ქვეყნის ექსპლუატანტზე ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა (EASA) და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) შორის არსებული სამუშაო შეთანხმების ფარგლებში (EU SAFA-ს პროგრამა). ქუთაისი-დორტმუნდის რეისთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საავიაციო მოვლენათა სავალდებულო შეტყობინების საფუძველზე შემოსულია შეტყობინებები. სააგენტოს მიერ მიმდინარეობს ტექნიკური ანგარიშების შესწავლა. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები მივლინებულნი არიან ქუთაისის აეროპორტში, სადაც ადგილზე გაეცნობიან მდგომარეობას და ჩატარებულ სამუშაოებს“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.