საქართველოს პარლამენტთან 20 ივნისთან დაკავშირებით აქცია-გამოფენა გაიმართა. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარიაც.
აქციის მონაწილეთა თქმით, მათ რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი ქონდათ პარლამენტში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოსმენის პარალელურად საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გამოეფინათ, თუმცა პარლამენტში ვერ შევიდნენ.
„დღეს პარლამენტში მოდის სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ციხელაშვილი არ განსაზღვრავს პოლიტიკას არც რუსეთთან და არც ოკუპირებულ ტერიტორიებთან, მაგრამ დღეს თვალი უნდა გავუსწოროთ იმ რეალობას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან, იმ გაჭირვებასა და უყურადღებობას, რასაც იქ ადამიანები განიცდიან. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს სოფლებში მოუხსნეს სოციალური დახმარება, ადამიანებმა დაკარგეს საძოვრები, ბაღები და პრაქტიკულად შემოსავლები“, – განაცხადა ხოშტარიამ.
პარლამენტთან მობილიზებული იყო პოლიცია.