სამოაში გავრცელებული მცენარე, რომელსაც ტრადიციულად იყენებენ სიცხისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილის ტკივილის სამკურნალოდ, შეიძლება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტკივილგამაყუჩებლის, იბუპროფენის კონკურენტი გახდეს; ახალი კვლევის მიხედვით, ამის მიზეზი მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებია.
სამოის სამეცნიერო კვლევათა ორგანიზაციის მეცნიერის, სეესეი მოლიმო-სამასონის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის მიხედვით, მწირად შესწავლილი, მაგრამ ხშირად გამოყენებადი ტრადიციული სამოური წამალი, სახელად „მატალაფი“ შეიძლება ისეთივე ძლიერი იყოს, როგორც იბუპროფენი, რომელიც ანთებას ამცირებს.
მატალაფი პატარა, შეუმჩნეველი ხეა და ისხამს პრიალა წითელ კენკრას. მისი ოფიციალური სახელია Psychotria insularum და იზრდება სამოის სანაპიროებზე და ნისლიან ტყეებში. ტრადიციული მკურნალები მის ფოთლებს ცხელებასთან, შეშუპებასთან და კანის ინფექციებთან დაკავშირებული ანთების შესასუსტებლად იყენებენ; ასევე სჯერათ, რომ კურნავს ზებუნებრივ ძალებთან დაკავშირებულ სნეულებებსაც.
„ამ მცენარის შესახებ მრავალი ცრურწმენაა გავრცელებული, ტრადიციულ მედიცინაშიც კი. მსურდა გამერკვია, აქვს თუ არა სამოელი ხალხის ტრადიციულ მედიცინას რაიმე სამეცნიერო ღირსება“, — ამბობს მოლიმო-სამასონი.
ბუნება ძლიერი სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეების ნამდვილი საგანძურია. ასეთ მცენარეებს ადგილობრივი ხალხები ათასწლეულებია იყენებენ, გაცილებით უფრო ძველი დროიდან, ვიდრე მედიცინა ჩაისახებოდა.
გასული ორმოცი წლის განმავლობაში, მსოფლიოში დაახლოებით 1560 ახალი წამალი დამტკიცდა; მათი 64 პროცენტი მცენარეებსა და ბუნებრივ პროდუქტებში არსებულ ქიმიურ ნივთიერებათა საფუძველზეა შექმნილი. ამის ყველაზე ნათელი მაგალითებია ასპირინი, მალარიის წამალი არტემიზინინი, დიაბეტის წამალი მეტფორმინი და ა. შ.
ადგილობრივ ხალხთა ტრადიციული ცოდნის შეცნობა, დაფასება და დაცვა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ამ მიმართულებით, სამოას, წყნარი ოკეანის ერთ პატარა არქიპელაგზე გადაჭიმულ ქვეყანას დიდი ისტორია აქვს.
1989 წელს სამოაში მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა ერთი მხრივ ტრადიციულ მკურნალებს, მეორე მხრივ კი იმ მეცნიერებს შორის, რომლებმაც მამალას ხის (Homalanthus nutans) ქერქში აღმოაჩინეს აივ ინფექციის საწინააღმდეგო პოტენციური რეტროვირუსული აგენტი პროსტრატინი. ამ შეთანხმებამ საფუძველი დაუდო წვდომისა და სარგებლის გაზიარების შესახებ სხვა ხელშეკრულებებს, რომლებიც ამჟამად საერთაშორისო სამართლით არის გარანტირებული და ემსახურება ბიობრაკონიერობასთან ბრძოლას.
ახალ კვლევაში, მოლიმო-სამასონიმ ადგილობრივთა ტრადიციული ცოდნა ქიმიურ და გენეტიკურ ანალიზებს შეურწყა, რათა შეესწავლა, როგორ მოქმედებს მატალაფი ანთების საწინააღმდეგოდ.
სამოაში, ტრადიციული მკურნალები მატალაფის ფოთლებს ჭრიან და სრესენ, შემდეგ კი წვენს ან დაჭყლეტილ ფოთლებს ადამიანს კანზე ადებენ და ჭრილობებს ან ინფექციებს მკურნალობენ.
მოლიმო-სამასონი ადგილობრივ მკურნალებთან ერთად აგროვებდა მატალაფის ფოთლებს, შემდეგ მათ ბლენდერში ატარებდნენ და მიღებულ წვენს ტესტირებისთვის ახალ ზელანდიაში გზვნიდნენ.
დადგინდა, რომ ადამიანებთან საერთო ზოგიერთი გენის მქონე საფუარის კულტურების გამოყენებით, მატალაფი უჯრედებში არსებულ რკინასთან ურთიერთქმედებს. ამის შემდეგ, მოლიმო-სამასონიმ მატალაფი და მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებები ლაბორატორიაში გაზრდილ იმუნურ ქსოვილზე შეადარა იბუპროფენს.
„ეს გახლდათ გეგმა, რომელსაც ძლიერ სკეპტიკურად ვუყურებდი. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ის უძლიერესი ექსტრაქტია“, — ამბობს მკვლევარი.
იმუნურ უჯრედებში, მცენარე P. insularum-ის წვენმა და მისი ერთმა ბიოაქტიურმა კომპონენტმა, სახელად რუტინმა, შეამცირა ცხელების გამომწვევი გზები და გაზარდა ანთების საწინააღმდეგო პასუხები. ჯგუფი წერს, რომ უჯრედებზე ჩატარებულ ამ ექსპერიმენტში, მატალაფი ისეთივე მძლავრი აღმოჩნდა, როგორიც ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი იბუპროფენი.
თუმცა, არ უნდა ველოდოთ, რომ მატალაფი იბუპროფენს დაჯაბნის, ერთ-ერთ საკვანძო ტკივილგამაყუჩებელს. ეს კვლევა უფრო იმ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ გვაძლევს ტრადიციული ცოდნის მოლეკულურ ანალიზს, გვიჩვენებს, რამდენად იყო ჩართული სამოის ადგილობრივი საზოგადოება კვლევის პროცესში.
თუ მატალაფის ანთების საწინააღმდეგო თვისებები საბოლოოდ დადასტურდა და გაირკვა, როგორ მოქმედებს ის რკინაზე, მკვლევრებმა მას ტრადიციული მედიცინის მიღმა შეიძლება ახალი გამოყენების გზებიც მოუძებნონ. გარდა ამისა, მათ ასევე აინტერესებთ მატალაფის პოტენციური ეფექტი კიბოსა და სხვა ანთებითი დაავადებების წინააღმდეგ.
მკვლევრები გეგმავენ იმასაც, რომ შეისწავლონ, როგორ შეიძლება განსხვავდებოდეს სიძლიერით ველური და კულტივირებული მატალაფი. ამასობაში კი აგრძელებენ სამოასა და ახლომდებარე კუნძულებზე გავრცელებულ სამკურნალო მცენარეთა კვლევას.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.