სამმაგი კრატერი მარსზე, რომლის წარმოშობის ამბავიც ამ დრომდე გაურკვეველია — #1tvმეცნიერება
4,6 მილიარდ წლიანი ისტორიის განმავლობაში, მარსს უამრავი ასტეროიდი თუ კომეტა დაეცა.
ამჟამად, წითელი პლანეტის ზედაპირი დაფარულია სულ მცირე 43 000 დარტყმითი კრატერით, რომელთაგან თითოეულის სიგანე 5 კილომეტრს არ ჩამოუვარდება; ზოგიერთ უძველეს რეგიონში სხვებზე მეტი ასეთი კრატერია.
მარსის უძველეს მთიანეთში, რომელსაც ნოაჩის-ტერას უწოდებენ, რეგიონში, რომელიც დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის წინ კოსმოსური ნამტვრევებით მძიმედ „იბომბებოდა“, ასტრონომებმა შენიშნეს სამმაგი კრატერი, რომელიც სამი ურთიერთგადამფარავი ბასეინისგან შედგება.
ისინი არც ისე დიდია, როგორც ამ რეგიონის სხვა კრატერები, რომელთაგან ზოგიერთი სიგანეში 140 კილომეტრამდეც აღწევს, მაგრამ ყველაზე პატარა კრატერის (სამიდან) სიგანე მაინც შთამბეჭდავია, 28 კილომეტრი, უდიდესის კი 48 კილომეტრი.
ძნელი სათქმელია, ეს სამმაგი კრატერი ერთი შეჯახებით არის წარმოქმნილი თუ მეტი. მკვლევართა განცხადებით, დამრტყმელი სხეული შეიძლება მიწასთან დაცემამდე სამად გაიყო, მაგრამ ახლო ხედები არც ასეთ რამეზე მიუთითებს და იმასაც გვიჩვენებს, რომ კრატერები ერთმანეთს არც ისე ზუსტად ფარავს.
ორმაგი და სამმაგი კრატერები იშვიათია, მაგრამ მათ შესახებ მაინც გვსმენია; მარსზე კიდევ ერთი ასეთი წარმონაქმნია აღმოჩენილი და ის დედამიწაზეც გვხვდება. თუმცა, ყველა მათგანი ერთნაირად არ არის წარმოქმნილი.
მაგალითად, 2015 წელს ასტრონომებმა ასეთივე სამმაგი კრატერი შენიშნეს მარსის ელისიუმ-პლანიტიას რეგიონში, პლანეტის ეკვატორთან ახლოს. მაშინ მკვლევართა ჯგუფმა ივარაუდა, რომ ის ან ატმოსფეროში დამსხვრეული ასტეროიდის დაცემის შედეგად უნდა ყოფილიყო წარმოქმნილი, ან ორმაგი ასტეროიდის სისტემის მიერ, რომელშიც დიდ ასტეროიდს გარს უვლის სხვა, პატარა ასტეროიდი.
2017 წელს, მარსის ორბიტაზე მოძრავმა ხომალდმა Mars Reconnaissance Orbiter-მა შენიშნა სამი შერწყმული დარტყმითი კრატერის მიერ წარმოქმნილი წაგრძელებული დეპრესია, რომელიც ასტრონომთა აზრით, სავარაუდოდ წარმოქმნილია ფორმაციის სიახლოვეს სამი კოსმოსური ნამტვრევის გადაფრენით.
ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ვარაუდობდა, რომ ორმაგი კრატერები ორმაგი ასტეროიდების დაცემის შედეგადაა წარმოქმნილი, რომლებიც ორი ან მეტი ახლო კონტაქტის ან ერთმანეთის გარშემო მოძრავი კლდოვანი სხეულებისგან შედგება. თუმცა, ჩვენთვის ცნობილ ასტეროიდთა მხოლოდ ორი პროცენტია ასეთი.
„კიდევ ერთი ახსნა შეიძლება იყოს დამთხვევა, ანუ, დროის სხვადასხვა მონაკვეთში მარსის ზედაპირს ზუსტად ამ ადგილას შეიძლება სამი სხვადასხვა ასტეროიდი დაეცა და ასეთი სამმაგი კრატერები სრულიად შემთხვევით წარმოიქმნა“, — წერს ევროპის კოსმოსური სააგენტო ბოლოს აღმოჩენილი სამმაგი კრატერის შესახებ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
თუ გავითვალისწინებთ, რამდენად აქტიურად იბომბებოდა მარსის ეს რეგიონი ასტეროიდებით ერთ დროს, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ყველაზე სავარაუდო სწორედ ეს უკანასკნელი თეორიაა, თუმცა არსებობს ერთი კიდევ უფრო საინტერესო მოსაზრება.
არ არის გამორიცხული, ასეთი კრატერის წარმოქმნის მიზეზი არა სამი სხვადასხვა დაცემა, არამედ ასტეროიდის დამსხვრევა იყოს მარსზე დაცემამდე, რაც კიდევ ერთ საინტერესო რამეს გვეუბნება წითელი პლანეტის შესახებ: 4 მილიარდი წლის წინ, მარსის ატმოსფერო სავარაუდოდ ამჟამინდელზე მკვრივი იყო და ასტეროიდს იქ შეღწევა უნდა გასჭირვებოდა; ეს ფაქტი თავისთავად მიუთითებს უფრო მეტ ტენზე და სითბოზეც.
ამ რეგიონის სხვა კრატერთა მსგავსად, სამმაგ კრატერს აქვს დროის მიერ გაბრტყელებული კიდეები და თავთხელი ფსკერი. ზოგიერთ მათგანს მყინვარების მსგავსი დინების ნიშნებიც ემჩნევა, რასაც ქანები უნდა დაერბილებინა და ყინულის დნობასთან ერთად, ფოსოებიც ნაშალით ამოვსებულიყო.
მომზადებულია esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.