სამხრეთ ლიბანში აფეთქების შედეგად გაერო-ს სამი მშვიდობისმყოფელი მსუბუქად დაშავდა
სამხრეთ ლიბანში აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა გაერო-ს სამი მშვიდობისმყოფელი. ამის შესახებ ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების (UNIFIL) პრესსპიკერი, ანდრეა ტენენტი ავრცელებს ინფორმაციას.
მისი ცნობით, აფეთქება გაერო-ს კუთვნილი მანქანის მახლობლად, სოფელ იარინესთან პატრულირებისას მოხდა. მანქანას გაერო-ს ემბლემა ჰქონდა.
„ყველა მშვიდობისმყოფელი უსაფრთხოდ დაუბრუნდა ბაზას. ჩვენ ვსწავლობთ ინციდენტს. შევახსენებთ ყველა მხარეს და აქტორს პასუხისმგბელობას, თავიდან აიცილონ მშვიდობისმყოფელებისა და მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება“, – ნათქვამია ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების წარმომადგენლის განცხადებაში.