სამხრეთ კორეის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდასაჭერად რუსეთში 3 000 სამხედრო გაგზავნა
ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდასაჭერად რუსეთში სამი ათასი სამხედრო გაგზავნა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ სამხრეთკორეელმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომლებსაც ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა მიაწოდა ინფორმაცია.
ეს ორჯერ აღემატება სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის გასული კვირის მონაცემებს. კერძოდ, გასულ პარასკევს უწყებამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გემით 1 500-მდე ჯარისკაცი გაგზავნა.
როგორც სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრებმა მედიას განუცხადეს, ფხენიანი რუსეთს სულ 10 ათასამდე სამხედროს გაგზავნას დაჰპირდა და მათი გაგზავნა დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.
ჩრდილოკორეელი სამხედროების უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად გაგზავნას მოსკოვიც და ფხენიანიც უარყოფენ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, რეაგირება მოახდინონ ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართულობის მტკიცებულებებზე.