სამხრეთ კორეაში მამაკაცმა საკუთარ ბინას ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ კი მოკლა მეზობლები, რომლებიც შენობიდან გაქცევას ცდილობდნენ
სამხრეთ კორეაში მამაკაცმა თავის საცხოვრებელ ბინას ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ კი დანით მოკლა მეზობლები, რომლებიც ცეცხლმოკიდებული შენობიდან გაქცევას ცდილობდნენ. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ სამხრეთ კორეის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოკლულია ხუთი ადამიანი, 13 კი დაშავებული. მოკლულთა შორის 12 წლის გოგონაა.
შემზარავი შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ჯინჯუში მოხდა.
თავდამსხმელი 42 წლის მამაკაცია, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს. მან დანაშაული აღიარა. მისი მოქმედების მოტივი ჯერჯერობით გაურკვეველია.
სამხრეთკორეული სააგენტო „იონჰაპი“ მომხდარის დეტალების შესახებ წერს. მამაკაცმა საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე თავის ბინას ცეცხლი ადგილობრივი დროით ღამის 04:25 საათზე წაუკიდა. ამის შემდეგ ის ქვემოთ, მეორე სართულზე ჩავიდა და დანით თავს დაესხა მეზობლებს, რომლებიც ბინებიდან გარბოდნენ.