სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს.
დაინფიცირებული 35 წლის ჩინელი ქალბატონია, რომელიც ჩინეთიდან სამხრეთ კორეაში კვირას ჩაფრინდა. მისი იზოლაცია აეროპორტში, სიმპტომების აღმოჩენისთანავე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონს აეროპორტში ჩასვლისას მაღალი სიცხე ჰქონდა.
ჩინეთში კი ახალი კორონავირუსით ინფიცირების 198 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი.
ქალაქ ვუჰანში უცნობი წარმომავლობის პნევმონიის ეპიდემია დეკემბერში დაიწყო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი გახდა. ახალი ვირუსიც კორონავირუსების იმავე ოჯახიდანაა, როგორც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (მმრს), რომელმაც 2002-2003 წლებში, მსოფლიოს მასშტაბით 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა. მაშინაც ეპიდემიის გავრცელება ჩინეთიდან დაიწყო.