სამხრეთ კორეა ჩრდილო კორეის საზღვართან არსებული დემილიტარიზებული ზონის „საერთაშორისო მშვიდობის ზონად“ გარდაქმნის ინიციატივით გამოდის
სამხრეთ კორეა ჩრდილო კორეის საზღვართან არსებული დემილიტარიზებული ზონის „საერთაშორისო მშვიდობის ზონად“ გარდაქმნის ინიციატივით გამოდის.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე-ინის განცხადებით, დემილიტარიზებული ზონა კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობაა და მისი ღირებულება მთელ მსოფლიოსთან უნდა იყოს გაზიარებული.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საერთაშორისო მშვიდობის ზონის დაფუძნება ჩრდილო კორეის უსაფრთხოების ინსტიტუციურ გარანტიებს უზრუნველყოფს და სამხრეთ კორეის მუდმივი მშვიდობის გარანტი იქნება.
„მისი საზღვრები განსაზღვრავს 70 წლიანი სამხედრო კონფრონტაციის ტრაგედიას. ზონა ასევე გახდა სიმბოლური სივრცე, რომელიც ერთდროულად მოიცავს დაყოფის ტრაგედიას და მშვიდობისკენ სწრაფვას“ – აღნიშნა მუნ ჯე-ინმა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ დემილიტარიზებულ ზონაში ასობით ათასი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმია განთავსებული და მარტო მოქმედების შემთხვევაში, სეულს მათ ამოსაღებად 15 წელი დასჭირდება. მუნ ჯე-ინის განცხადებით, საერთაშორისო დახმარება დროს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.