სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი „სოკარს“ გადაეცა
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი „სოკარს“ გადაეცა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია აცხადებს, რომ 2020 წლის 20 მარტიდან სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი, რომელსაც კომპანია „ბიპი ექსპლორეიშენ“ (შაჰ დენიზ) ლიმიტედი ასრულებდა, კომპანია „სოკარ მიდსტრიმ ოფერეიშენზ ლიმიტედს“ გადაეცა, რომელიც „სოკარის“ სრულ მფლობელობაში მყოფი შვილობილი კომპანიაა, – ამის შესახებ „ბიპისა“ და „სოკარის“ მიერ გავრცელებულ ერთობლივ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამხრეთ კავკასიის მილსადენი სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია.

მათივე ცნობით, „სოკარს“ ოპერატორის როლი სამხრეთ კავკასიის მილსადენის, მილსადენის მფლობელთა ხელშეკრულების მიხედვით გადაეცა, რომელსაც ხელი 2013 წლის დეკემბერში მოეწერა და ის „შაჰ დენიზის“ მეორე ეტაპისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის შესახებ საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილების ნაწილია. ხელშეკრულების მიხედვით, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობის დასრულებიდან ერთი წლისთავზე, „სოკარი“ უფლებამოსილია, გახდეს სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორი.

„ოპერატორის როლის გადაცემა ეხება ყველა ობიექტს, რომელიც უშუალოდ სამხრეთ კავკასიის მილსადენის ნაწილია აზერბაიჯანში და საქართველოში. „ბიპი“ გააგრძელებს იმ ობიექტების ექსპლუატაციას, რომლებიც საერთოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიის მილსადენებისთვის. არანაირი ცვლილება არ ეხება სანგაჩალის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისა და დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის ექსპლუატაციას, რომელსაც გააგრძელებს „ბიპი“, – აღნიშნულია „სოკარისა“ და ბიპის“ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, „სოკარი“ და „ბიპი“ გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას 2020 წლის განმავლობაში, რათა გარდამავალი ეტაპის ყველა ასპექტი ეფექტურად განახორციელონ.

„2015 წლიდან ჩვენ ვართ სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომერციული ოპერატორი და მილსადენის კომერციულ საქმიანობას მაღალ დონეზე ვახორციელებთ. ახლა „სოკარი“ სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკურ ოპერატორობას იბარებს, რაც მილსადენის მფლობელთა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

როგორც სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის აქციონერი, ჩვენ ყოველთვის კმაყოფილი ვიყავით სამხრეთ კავკასიის მილსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციით, რომელიც ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მადლობა გვინდა გადავუხადოთ „ბიპის“ შესანიშნავი პარტნიორობისა და ოპერატორობისთვის. როგორც ახალი ტექნიკური ოპერატორი, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას და ყველა ჩვენს პარტნიორთან მჭიდროდ ვიმუშავებთ, რათა შევინარჩუნოთ სამხრეთ კავკასიის მილსადენის უსაფრთხოების, საიმედოობისა და გარემოს დაცვითი საქმიანობის უმაღლესი დონე“, – განაცხადა „სოკარის“ პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა.

ბიპის“ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რეგიონული პრეზიდენტის, გარი ჯონსის თქმით, რომ მისი კომპანია მოხარულია, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენის ოპერატორის როლი „სოკარს“ გადაეცა.

„როგორც შაჰ დენიზისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის უმსხვილესი აქციონერი, ჩვენ ერთგულად გავაგრძელებთ „სოკართან“ მუშაობას, რათა მილსადენის უსაფრთხო და საიმედო მუშაობა შემდგომშიც უზრუნველყოფილი იყოს.

ჩვენ გვჯერა, რომ „სოკარს“ აქვს პროექტების უსაფრთხო და ეფექტური შესრულების შესანიშნავი გამოცდილება. ეს დადასტურდა ტანაპის პროექტის ოთხწლიანი წარმატებული მშენებლობით და შემდგომში მისი უსაფრთხო ექსპლუატაციით. ამასთანავე, „სოკარი“ ბოლო ხუთი წელია, სამხრეთ კავკასიის მილსადენის ძალზედ მაღალეფექტური კომერციული ოპერატორია. ჩვენ ერთგულად დავეხმარებით „სოკარს“ გეგმური ცვლილებების მართვის პროცესში, რათა უზრუნველყოფილი იყოს გარდამავალი პერიოდის უსაფრთხოდ დასრულება და მთლიანობაში გაზის ტრანსპორტირების ოპერაციებზე ნულოვანი ზემოქმედება.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლებით და მუშახელით, რომელთა ერთგულება და თავდადება უმნიშვნელოვანესია მთლიანი საექსპორტო სისტემის შესანიშნავი უსაფრთხო ექსპლუატაციის საქმეში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ოპერატორის როლის გადაცემის შემდეგ გაგრძელდება უსაფრთხო ექსპლუატაციის და თანამშრომლების შესაძლებლობების მაღალი ხარისხისადმი ერთგულება არსებულ დონეზე“, – განაცხადა „ბიპის“ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რეგიონულმა პრეზიდენტმა, გარი ჯონსმა.