სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 19 კი დაშავდა. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ინციდენტი დედაქალაქ პრეტორიასთან ახლოს, ვონდერბუმის აეროპორტთან მოხდა. შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით გაავრცელეს. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ თვითმფრინავი ჰოლანდიურ ავიაკომპანია Martin’s Air Charter -ს ეკუთვნის. ევროპული მედიის ინფორმაციით, საფრენი აპარატი 1954 წელს იყო გამოშვებული და სატესტო საერთაშორისო რეისს ახორციელებდა. ვინტაჟური თვითმფრინავი უახლოეს მომავალში ჰოლანდიაში, ავიაციის მუზეუმში უნდა განეთავსებინათ. საფრენი აპარატს ვანდერბუმის აეროპორტში ცოტა ხნის წინ გაარემონტეს.