სამხრეთ აფრიკაში დააფიქსირეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელსაც ძალიან ბევრი მუტაცია აქვს — #1tvმეცნიერება
სამხრეთ აფრიკელი მეცნიერების განცხადებით, აღმოაჩინეს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც მუტაციათა დიდი რაოდენობით გამოირჩევა; მათი აზრით, სწორედ ამ შტამის გამო მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ.
ნოემბრის დასაწყისიდან დღემდე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა გაათმაგდა.
„სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ ახალი ვარიანტი, რაც სამხრეთ აფრიკაში ნამდვილად შეშფოთების მიზეზია“, — ამბობს ვირუსოლოგი ტულიო დე ოლივეირა.
მისი განცხადებით, შტამს, რომელსაც სამეცნიერო სახელად B.1.1.529 უწოდეს, აქვს მუტაციათა ძალიან მაღალი რიცხვი; სავარაუდოდ პარასკევს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ვარიანტს სახელს ბერძნული ანბანის მიხედვით შეურჩევს.
„სამწუხაროდ, ის ინფექციის ხელახლა აღზევებას განაპირობებს“, — ამბობს ოლივეირა.
სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მგზავრებში ახალი შტამი გამოვლინდა ბოტსვანასა და ჰონგ-კონგშიც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალ ვარიანტს დეტალურად აკვირდებიან და პარასკევისთვის ტქნიკური შეხვედრაც ჩანიშნა, რომელზეც უნდა გადაწყდეს, მას „საინტერესო“ ვარიანტთა კატეგორიაში შეიყვანენ თუ „შემაშფოთებელში“.
სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი შტამი სერიოზული შეშფოთების საგანია და სწორედ ის განაპირობებს ინფიცირების შემთხვევათა განსაკუთრებულ ზრდას.
ნოემბრის დასაწყისში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დღეში დაახლოებით 106 შემთხვევა ფიქსირდებოდა, 24 ნოემბერს კი ეს მაჩვენებელი 1200 ადამიანს აღწევდა.
სამხრეთ აფრიკის გადამდებ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის განცხადებით, B.1.1.529 ვარიანტი 22 ადამიანში გამოვლინდა გენომის სეკვენირების შედეგად.
ორგანიზაციის ცნობით, დაფიქსირებულ შემთხვევათა რაოდენობა და დადებითობის მაჩვენებელი ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში წარმოუდგენლად სწრაფად იზრდება.
შარშან სამხრეთ აფრიკაში გამოჩნდა ვირუსის ბეტა ვარიანტიც, რომელიც შემდეგ სრულიად დაჩრდილა ინდოეთში გამოჩენილმა დელტა ვარიანტმა.
ამ დროის მონაცემებით, სამხრეთ აფრიკაში სულ 2,95 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 89 657 ადამიანი კი გარდაიცვალა.
მეცნიერთა განცხადებით, B.1.1.529 ვარიანტს სულ მცირე 10 მუტაცია აქვს; შედარებისათვის — დელტა შტამს ორი მუტაცია აქვს, ბეტას კი სამი.
„შეშფოთების მიზეზი ის არის, რომ როდესაც ამდენი მუტაცია გაქვს, ამას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ვირუსის ქცევაზე. რამდენიმე კვირაში გაირკვევა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ვარიანტს ნებისმიერ პოტენციურ ვაქცინაზე“, — ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარია ფონ კერკოვე.
სამხრეთ აფრიკელი ვირუსოლოგის, პენი მურის განცხადებით, შტამის განეიტრალებას ართულებს მუტაციათა რაოდენობა. მისივე თქმით, ეს ვარიანტი ჩვენთვის უცნობ ბევრ მუტაციას შეიცავს.
სამხრეთ აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, დღეს მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ბევრი შტამი ცირკულირებს, მაგრამ ზოგიერთ მათგანს არანაირი გავლენა არ აქვს ეპიდემიის ტრაექტორიაზე.
ვაქცინაცია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნელი ტემპით მიმდინარეობს. სულ მცირე ერთი დოზით აცრილია მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 41 პროცენტი, სრულად ვაქცინირებული კი 35 პროცენტი.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.