სამხედრო სავალდებულო სამსახურში 4120-მდე მოქალაქის გაწვევა იგეგმება
სამხედრო სავალდებულო სამსახურში 4120-მდე მოქალაქის გაწვევა იგეგმება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ დაამტკიცა.
2019 წლის საშემოდგომო გაწვევა 12 აგვისტოდან 2019 წლის 28 დეკემბრამდე განხორციელდება.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1500-ით განისაზღვრა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში – 1220-ით, შინაგან საქმეთა სამინისტროში – 1200-ით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში – 200-ით.
2019 საგაზაფხულო გაწვევისას მაქსიმალური რაოდენობა 4 470 მოქალაქით განისაზღვრა, 2018 წლის საშემოდგომო გაწვევისას კი, 4765-ით.
სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეების გაწვევა იგეგმება, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.